იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვნის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.
„ამ ინიციატივამ თვალნათლივ და მკაფიოდ დაგვანახა, ვინ ირჩევს ჩვენს ტრადიციულ, ქართულ ღირებულებებს და ფასეულობებს და ვინ დგას ისეთი პროპაგანდის უკან, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, მათ შორის, განსაკუთრებით, არასრულწლოვნებისთვის“, – განაცხადა კანონპროექტების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.