იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვნის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთანავე, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.
მეორე მოსმენის დროს წარდგენილი იყო რედაქციული შესწორებები და ტერმინოლოგიური დაზუსტებები.
კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.
ასევე დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანა, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს, ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს, ან/და რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.
კანონპროექტით, კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.