იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

„აქ არ არის საუბარი ფიზიკური პირების აგენტად მოხსენიებაზე და არავითარ შემთხვევაში საუბარი რაღაც სტიგმატიზირებით და ნეგატიური კონტექსტით. არცერთ ფიზიკურ პირს ეს დასახელება არ ეხება, თითქოს ფიზიკური პირი არის აგენტი. ასეთი რამ არ ხდება. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, სხვა საკითხებს, მეორე მოსმენის ფარგლებში გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობა და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ ინფორმირებულობა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამ პრინციპებით ჩვენ გთავაზობთ, მხარი დავუჭიროთ ორივე კანონპროექტს. ასევე, ორივე კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან, ვიმსჯელოთ შემდგომ საკითხებზე. კომიტეტზე დამსწრეთა მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ორივე პროექტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ პირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტით, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. აღნიშნული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტით კი, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. მისი შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით. პროექტით, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. აღნიშნული კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა.