იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა
ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი დგინდება.
შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე მოამზადა.
კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა და საბჭოს წარდგინების გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით დგინდება შემდეგი შეზღუდვა – თუ საჩივრის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ დაადგინა, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო, მისი მიდგომა დისკრიმინაციული იყო ან მან გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ხელახალი განკარგულების/ხელახალი წარდგინების მიღების პროცესში აღარ მონაწილეობს. ასევე, პროექტით იცვლება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი. კერძოდ, დგინდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს დანიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისთვის დადგენილი წესით.
ამასთან, კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატი უფლებამოსილი იქნება, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მის მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.