იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია ასახული.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს.
პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება.
ცვლილებების თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ექნება ანტიკორუფციულ ბიუროს, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.
ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რომ გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, ანუ გასაჩივრდება და გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით.
პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე არ დასრულდება სამართალწარმოება.
პროექტით, პირს, ვისი ოლიგარქად მიჩნევის საკითხის განხილვაც მოხდება, ექნება საპროცესო და სამართლებრივი გარანტიები. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემები, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის, ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული.
აქედან გამომდინარე, ოლიგარქთა რეესტრში შევა შემდეგი ინფორმაცია: პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ოლიგარქად ცნობილი პირის გვარი და სახელი, კონტაქტის დეკლარაცია და მითითება იმის შესახებ, რომ პირის ოლიგარქად ცნობა და რეესტრში შეყვანა თავისთავად არ მოწმობს, რომ ეს პირი დამნაშავეა ან სხვა სახის სამართალდამრღვევია.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კანონპროექტიდან ამოღებულია ოლიგარქად ცნობილი პირისთვის განსაზღვრული აკრძალვა პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო კამპანიის, შეკრებისა და მანიფესტაციის დაფინანსების თაობაზე.
„შესაბამისად, ოლიგარქად ცნობილი და რეესტრში შეყვანილი პირისთვის ერთადერთ აკრძალვად დარჩა პრივატიზების ობიექტის პრივატიზების პროცესში მყიდველად მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც უკავშირდებოდა უმწიკვლო საქმიან რეპუტაციას.
„„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ხელახლა განვიხილავთ მეორე მოსმენით იმისათვის, რომ ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია აისახოს კანონპროექტში. მთავარი ამოცანაა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტი შესრულდეს. ამ პუნქტის შესრულების მთავარ ინდიკატორად აღებული გვაქვს ის მიდგომა, რომელიც უკრაინამ თავის დროზე აირჩია – კანონის მიღების სახით საკითხის დარეგულირება და ეს უკრაინას ჩაეთვალა იმ პუნქტის შესრულებად, რომელიც უკავშირდებოდა დეოლიგარქიზაციის საკითხს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.