იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი და პირველი მოსმენით მიიღეს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განაცხადა, მიზანშეწონილია, შემუშავდეს ისეთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც მოაწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როცა მიზანმიმართულად ხდება სკვერების, პარკების, მიწისქვეშა გადასასვლელების დაზიანება.

„ჩვენ შსს-თან, ქალაქ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, იდეების, საკითხების ურთიერთგაცვლით შევჯერდით, რომ მიზანშეწონილია, შევიმუშაოთ ისეთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც მოაწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მიზანმიმართულად, გამიზნულად ხდება სკვერების, პარკების, მიწისქვეშა გადასასვლელების დაზიანება. აქ საუბარია საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების დაზიანება-განადგურებაზე, რაც, საყოველთაოდ გავრცელებული ტერმინით, არის ვანდალობა. შესაბამისად, კოლეგებთან ერთად დავაინიცირეთ კანონი, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციული წესით საკითხის დარეგულირებას. დღეს გვაქვს შემდეგი მოცემულობა, როდესაც პირი დააზიანებს საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილ ობიექტს, თუ ზიანის ოდენობა არ აღემატება 150 ლარს, ეს საკითხი დღეს არის დაურეგულირებელი. 150 ლარის ზემოთ იწყება სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობა. აქ ერთი ვერსიაც შეიძლებოდა, განხილული ყოფილიყო, რომ ზიანის ოდენობა დაწეულიყო ქვემოთ. ამ შემთხვევაში პირდაპირ დაზიანება-განადგურება საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ობიექტების შემთხვევაში 150 ლარს ქვემოთაც ყოფილიყო დასჯადი. თუმცა, ეს იქნებოდა კანონმდებლის მხრიდან უფრო ძლიერი ჩარევა ადამიანის უფლებებში, გაატარებდა უფრო რეპრესიულ ხასიათს, ეს ჩვენი მიზანი არ არის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებების მიზანია, მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები არ გაიფლანგოს.

„ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, მოვახდინოთ პრევენცია, თუ პრევენცია ვერ ხორციელდება, მაშინ ეს იყოს ისეთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც არ იქნება რეპრესიული და რომლის მიზანიც იქნება, ეს საკითხი დაურეგულირებელი არ დატოვოს. თუ ვინმე ამ ქმედებას ჩაიდენს, მის მიერ გადახდილი შესაბამისი თანხით მოხდეს ამოღება ერთგვარად ამ თანხის, ბიუჯეტში ისევ მიმართვა და ისევ პროექტზე წარმართვა, რომ მოხდეს რეაბილიტაცია. გთავაზობთ, რომ ეს შემთხვევა პირველ ჯერზე იწვევდეს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციული პატიმრობა ხუთ დღემდე, რაც აპრიორი არ ნიშნავს ხუთ დღეს, იძლევა საშუალებას, რომ დისკრეციის ფარგლებში მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომელი უფრო მიესადაგება შესაბამის ქმედებას, ერთი დღე თუ, მაქსიმუმ, ხუთი დღე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.