იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება უნდა გამართოს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამი კანდიდატი წარადგინა – ბადრი შონია, გოჩა ჯეირანაშვილი და გიზო უბილავა.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტი 3 დღის ვადაში ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, იურიდიული კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით, რატი იონათამიშვილი იქნება.
კვოტები კი შემდეგნაირად გადანაწილდა. ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ქეთევან ჩარკვიანი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, იმედა ნიკურაძე, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი კირცხალია, გენრიეტა წიწავა, ლევან მაჭავარიანი, და სავალან მირზოევი.
„ხალხის ძალას“ სამუშაო ჯგუფში წარმოადგენს გურამ მაჭარაშვილი, „ევროპელ სოციალისტებს“ კი – ფრიდონ ინჯია.
ანრი ოხანაშვილის თქმით, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფს ნოემბერში შეუერთდება.
ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დეპუტატები, შესაძლოა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში ვეღარ მოხვდნენ და ურჩია, არ დაელოდონ ნოემბერს და დღეს, 18:30-მდე კანდიდატურების წარდგენის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფში ჩართვა შესთავაზა.
„ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია შემოსული არ არის. გთავაზობთ, დღის განმავლობაში თუ წარმოადგენენ, მივიღოთ სამუშაო ჯგუფში. აპარატმა გაუგზავნა შეტყობინება როგორც ოფიციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ასევე „ესემეს“ შეტყობინებები. ზოგიერთმა ცალკეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოიწერა, რომ ნოემბერში ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. ეს ის ხალხია, რომელიც შეიძლება მომდევნო მოწვევის პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდეს და ამიტომ გაითვალისწინონ, რომ ეს შანსი არ გაუშვან ხელიდან, ნუ დაელოდებიან ნოემბერს. შესაძლებელია, ეს ხალხი საერთოდ აღარ იყოს მომდევნო მოწვევის პარლამენტში, ის კონკრეტული დეპუტატები, ვისაც პრეტენზია აქვთ, რომ თურმე ნოემბერში ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფების მუშაობაში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.