საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს „ქალთა მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე იმსჯელებენ. პეტიცია ფემიციდის დასჯადობის საკითხს შეეხება.
პეტიციის ავტორები მიუთითებენ, რომ „ფემიციდის“ აკრძალვის მიზნით, აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდეს ცვლილებები სპეციალური მუხლის ან გენდერულად მოტივირებული მკვლელობისათვის დამამძიმებელი გარემოების სახით.
ამასთან, ავტორთა მოსაზრებით, ფემიციდისათვის სასჯელის სახედ უნდა განისაზღვროს 13-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში – უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკითხის შესწავლა და კვლევის საფუძველზე ანალიზია საჭირო.
„მოთხოვნა არის, რომ პეტიციის ფორმატში მოხდეს საკითხის განხილვა და ქალთა მიმართ განხორციელებული მკვლელობებისთვის ცალკე სპეციალური მუხლი იყოს შემუშავებული სისხლის სამართლის კოდექსში ან დამამძიმებელი გარემოება დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას შესაბამისი ფორმულირებით. ეს არის საკითხი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია, დისკუსიის საგანია. ვფიქრობ, რომ კომიტეტმა უნდა მოისმინოს ეს არგუმენტები. პეტიციის განხილვის ახალი წესი მივიღეთ ჩვენ, პარლამენტმა და ეს კარგი წესია, როდესაც ხდება პეტიციაში დასმული პრობლემატური საკითხების უფრო ფართო და სიღრმისეული ანალიზი. მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ საკითხს კიდევ უფრო მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ და ჩატარდეს კარგი კვლევა ექსპერტების, შესაბამისი დარგის სპეციალისტების, აკადემიური წრეების მონაწილეობით და გააზრებულად, კარგი ანალიზის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დაეფუძნება სწორედ იმას, რომ თუ კანონმდებლობა არის რაიმე ხელშემშლელი გარემოება, თუ ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობრივი დანაშაულებების ერთ-ერთი მიზეზია, რომ საკანონმდებლო დონეზე რაღაც გვაკლია, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით განვიხილავთ. მე ვფიქრობ, რომ კარგი შესწავლა და კარგი ანალიზი ნამდვილად სჭირდება ამ საკითხს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე კიდევ ექვს საკითხს განიხილავს.