იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტზე 6 მარტს იმსჯელებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე 6 მარტს იმსჯელებს. ამ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტია.
ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მოხდება, რის შემდეგაც მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. კომიტეტი განიხილავს როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, ასევე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა გასულ კვირას ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ცვლილებების შინაარსს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედიაორგანიზაციები აპროტესტებენ.
რაც შეეხება ცვლილებებს, „ხალხის ძალამ“ პირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტით, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
აღნიშნული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს.
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას – 25 ათასი ლარის ოდენობით.
რიგით მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტით კი, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. მისი შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ხუთ წლამდე ვადით.
პროექტით, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
აღნიშნული კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა.