იურიდიულ კომიტეტზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ინიციატივაზე საუბარს კამათი მოჰყვა
იურიდიულ კომიტეტზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ინიციატივაზე საუბარს კამათი მოჰყვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დეპუტატებს შორის კამათის ფონზე წარიმართა იმ საკანონმდებლო წინადადების მოსმენა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს აქვთ წარდგენილი.

სხდომაზე წინადადება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა წარადგინა. ინიციატივაზე საუბრისას ჯანეზაშვილმა ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე თვის წინ წარდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიაზეც. მისი თქმით, მისთვის შოკი იყო, როდესაც ამ სიაში იყვნენ გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე.

„თქვენ გევალებოდათ, რომ აქამდე გაგეკეთებინათ, აქამდე შეგემუშავებინათ პროცედურები, ვიდრე საბჭო სიას წარმოადგენდა. არ მგონია, ამ დარბაზში ისხდეთ ის ადამიანები, ვისაც აქვს ილუზია, რომ საბჭო კეთილსინდისიერად წარმართავდა ამ პროცესს. დარწმუნებული ვარ, იცოდით, რომ ის ადამიანები თავისი ინტერესებისთვის იბრძოლებდნენ. ამიტომ, თქვენ უნდა შეგექმნათ ბერკეტები იმისათვის, რომ მოგეხდინათ პრევენცია, რათა გიორგი მიქაუტაძეს, გვრიტიშვილს ან ჩინჩალაძეს თავიანთი თავი არ დაესახელებინათ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამ განცხადების საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნაზი ჯანეზაშვილს მოუწოდა, რომ შინაარსობრივ მხარეზე ესაუბრა და არ გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები, რამაც ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია.

ოხანაშვილის რეპლიკაზე პრეტენზია დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გამოთქვა, რომელმაც კომიტეტის თავმჯდომარე ჯანეზაშვილისთვის პოზიციის დაფიქსირების ხელშეშლაში დაადანაშაულა.

„რა ცენზურას უყენებთ, ვერ გავიგე. უნდა პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს და უნდა შინაარსობრივს, ასე თვლის საჭიროდ. ჩინჩალაძის ხსენებაზე რომ აწყვეტინებთ ადამიანს, მეტყველებს თქვენს დამოკიდებულებაზე. თქვენ ვინ გეკითხებათ, რაზე ისაუბრებს“, – მიმართა ელენე ხოშტარიამ ანრი ოხანაშვილს.

ოპოზიციის წარმომადგენლის ამ განცხადებას მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა რეპლიკებიც. ელენე ხოშტარიას უპასუხა ანრი ოხანაშვილმაც. კომიტეტის თავმჯდომარემ ხოშტარიას მოუწოდა, მსგავსი განცხადებებისთვის სხვა ტრიბუნა გამოიყენოს.

„რა შუაშია ჩინჩალაძე, დამშვიდდით და დაწყნარდით, თქვენთვის რეგლამენტი არაფრის მომცემია, საქართველოს კონსტიტუცია არაფრის მომცემია და თუ ასეთი პრინციპული იყავით, თავის დროზე დაგეტოვებინათ თანამდებობა და წასულიყავით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში რომ იყავით. კი არ გავაწყვეტინე საუბარი, საერთოდ, საშუალება რომ მიეცა, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, არის თავმჯდომარის გადაწყვეტილება. რატომ გინდათ გამოიყვანოთ ისე, რომ მე თითქოს ვინმეს რამეს ვაწყვეტინებ, პირიქით მოსმენა რომ გვინდა ქალბატონი ნაზის პოზიციის, მიუხედავად იმისა რომ რეგლამენტი არ გვავალდებულებს, ამის საშუალება მივეცით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.