იურიდიულ კომიტეტში ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარსადგენად შერჩეულ გოჩა ლორთიფანიძეს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარსადგენად შერჩეულ გოჩა ლორთიფანიძეს მოუსმენენ. კომიტეტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მას დღესვე უყრიან კენჭს პლენარულ სხდომაზე.
ლორთქიფანიძის კანდიდატურა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მოწვეულმა უცხოელმა კონსულტანტებმა კონკურსის შედეგად შეარჩიეს, მთავრობამ კი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად წარუდგინა.
2020 წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლოს მე-19 ასამბლეაზე ექვსი ახალი მოსამართლე უნდა შეირჩეს. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპის ვაკანტურ კვოტაზე, ვინაიდან ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს ვადა ეწურება. საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰააგის სასამართლოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს.
„მოვუსმენთ ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე. მოვისმენთ მის ხედვებს. გვექნება შეკითხვები, როგორც პოტენციურ მოსამართლესთან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ საქართველოს ჰყავდეს წარმომადგენელი ჰააგაში, იმ სასამართლოში, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გენოციდის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის და განსაკუთრებით ომის დანაშაულის საკითხები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ კახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმშია, გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარს მაინც უჭერენ.
„ევროპული საქართველო“ მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვიმყოფებით, სამივე ფრაქციით მხარს ვუჭერთ აღნიშნულ კანდიდატურას და გვსურს, ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს ჰქონდეს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია და შეასრულოს ის მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რომელიც აღნიშნული თანამდებობის პირს ეკისრება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილეა. ის, ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრია.