ლუგანსკის პოლიციის ყოფილი უფროსი იური პოკინბოროდა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, გარკვეულ ძალებს სააკაშვილის დაკავებაში მისი დადანაშაულება სურთ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა hromadske.ua ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი სწორედ იური პოკინბოროდას ბინაში დააკავეს.
იური პოკინბოროდამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სააკაშვილთან ერთად ისიც უნდა დაეპატიმრებინათ, თუმცა ასე არ მოხდა.
„სააკაშვილთან ერთად მეც უნდა დავეკავებინე, მაგრამ ასე არ მოხდა, მხოლოდ ჩხრეკის პროტოკოლი შეადგინეს. გარკვეულ პირებს სურთ, რომ სააკაშვილის დაჭერაში დამადანაშაულონ, თუმცა ეს ასე არ არის. მე იგი არ დამისმენია პოლიციასთან“, – აცხადებს იური პოკინბოროდა.
მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.
მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.