იუნისეფი - საქართველოში ბავშვების 22% საარსებო მინიმუმის, 7% კი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს
საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამის შესახებ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, ანუ ოჯახში მცხოვრები თითოეული ადამიანის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება.
ამასთან, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს.
კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.
კვლევის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ზრდასრულ პირზე). ზრდა ორწლიან პერიოდში, შესაბამისად: 3.9, 4.2, 6.5 და 3.5 %ია.