იუნისეფი - საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები
იუნისეფი - საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს იუნისეფი-საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებს, ძირითადი მომსახურებები ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ბავშვებსა და მოზარდებზე. გაერო-ს ბავშვთა ფონდს განსაკუთრებით აღელვებს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ძირითად მომსახურებებსა და რესურსებზე.

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები, ხელსაბანი, სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები. გაერო-ს ბავშვთა ფონდის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, უფრო მაღალია ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.

მიმდინარე კრიზისის პერიოდში ყველა ბავშვმა უნდა განაგრძოს სწავლა და შეძლოს სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება. ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოს და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტერნეტზე, თამაშისა და სწავლის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ასევე ხარისხიანი ინტერნეტის ნაკლებობა. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე მოყვანილია საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ღასან ხალილის სიტყვები.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო, უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე. ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ძირითადი მომსახურებების გაძლიერებისათვის და თითოეული ბავშვისათვის სათანადო გარემოს შესაქმნელად, რათა ბავშვებმა შეძლონ საკუთარი უფლებებით სარგებლობა. სექტემბერში ძალაში შევა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს ბავშვთა ცხოვრებაში მათი კეთილდღეობის ხელშესაწყობად. გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას კოდექსის განხორციელებაში“, – აცხადებს ღასან ხალილი.

ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სექტემბერში მიიღო, ძალაში შედის 2020 წლის სექტემბერში.

იუნისეფის განმარტებით, კოდექსი, ეს არის ქოლგა დოკუმენტი, სპეციალური კანონი, რომელიც აერთიანებს ბავშვის კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანეს ყველა ძირითად პრინციპს. ყველა სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი ხელისუფლება, სხვა ადმინისტრაციული უწყებები, საერთო სასამართლოები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები ბავშვებთან იმუშავებენ და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ სწორედ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე.