გაერო-ს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ საერთაშორისო საზოგადოებას ბავშვთა შრომის წინააღმდეგ მოქმედებების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, მსოფლიოში 152 მილიონი ბავშვი, ანუ ყოველი მეათე, იძულებულია იმუშაოს, რომ ოჯახს დაეხმაროს. ამასთან, ამ ბავშვების თითქმის ნახევარი – 73 მილიონი სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში მუშაობს და უკიდურესად მცირე ანაზღაურებას იღებს.
შესაბამისი კვლევა „იუნისეფმა“ ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტი ბავშვი – 72 მილიონი აფრიკაში შრომობს, მეორე ადგილზე ამ მხრივ აზიის ქვეყნებია, სადაც 62 მილიონი ბავშვი იძულებულია, იმუშაოს. ბავშვთა შრომას იყენებენ ეკონომიკის თითქმის ველა სექტორში, თუმცა 10 ბავშვიდან შვიდი სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს.
„იუნისეფი“ მოუწოდებს მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კომპანიებს, უფრო აქტიურად ებრძოლონ სიღარიბეს და გოგონათა დისკრიმინაციას, ასევე გახადონ განათლება უფრო ხელმისაწვდომი.
„ბავშვთა შრომის მხოლოდ დაგმობა და აკრძალვა არასაკმარისია“, – აღნიშნა „იუნისეფის“ გერმანიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კრისტიან შნაიდერმა.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მომუშავე ბავშვების რაოდენობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბოლო წლებში კლების ტემპი შენელებულია.
„თუ მომუშავე ბავშვების რაოდენობის შემცირება ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, მომუშავე გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა 2025 წლისთვის 121 მილიონი იქნება“, – აღნიშნულია „იუნისეფის“ ანგარიშში.