აზიის წყნარი ოკეანის საერთაშორისო მეთერთმეტე ფესტივალზე მიღებული სპეციალური ჯილდოს შემდეგ, მარიამ ხაჭვანის „დედე“-ს საფრანგეთში, იუნესკო-ს პატრონაჟითა და მიწვევით აჩვენებენ.
სწორედ იუნესკო-ს პატრონაჟით გაიცემა განსაკუთრებული ჯილდოც, რომელიც ფილმა ფესტივალზე დაიმსახურა. „დედე“ კულტურული მრავალფეროვნების ჯილდოს მფლობელი გახდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფილმი გადაღებულია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისტორიულ რეგიონში, სვანეთში.
ფილმის ჩვენება იუნესკო-ს პარიზის სათაო ოფისში 12 დეკემბერს, APSA-სა და იუნესკო-ს დამფუძნებელი პარტნიორობის პატივსაცემად გაიმართება. ჩვენებას დაესწრება ფილმის რეჟისორიც.
აზიის წყნარი ოკეანის ქვეყნების კინო დაჯილდოება არის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმების კონკურსი, რომელიც აფასებს კინემატოგრაფიულ ოსტატობას და კულტურულ მრავალფეროვნებას მსოფლიოს ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონში. 2017-წელს 42-მა ფილმმა აზიის წყნარი ოკეანის 25 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან მიიღო APSA ნომინაცია.
საქართველომ წელს APSA-ს ოთხი პრიზი მიიღო და ეს იყო ქართული ფილმების პირველი გამარჯვება აზიურ ოსკარად წოდებულ ფესტივალზე.