იუნესკო-ს გენერალური დირექტორი და უცხოელი კოლეგები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ
იუნესკო-ს გენერალური დირექტორი და უცხოელი კოლეგები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ

იუნესკო-ს გენერალური დირექტორი, არგენტინის, საუდის არაბეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის გაგზავნილ წერილში იუნესკო-ს გენერალური დირექტორი ოდრი აზულე ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. იგი მისალოც წერილში გამოხატავს მადლიერებას იმ კონსტრუქციული როლისთვის, რომელსაც საქართველო ასრულებს იუნესკო-სთან თანამშრომლობის კონტექსტში.

„საქართველო აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის ძალისხმევას განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნავს იუნესკო-ს გენერალური დირექტორი.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, არგენტინის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სანტიაგო კაფიერო ასევე ულოცავს ქართველ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და წერს, რომ საქართველოსა და არგენტინას ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

„ჩვენს საერთო ფასეულობებზე დაყრდნობით, შეგიძლიათ იმედი გქონდეთ, რომ მომავალშიც ხელს შევუწყობ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

თავის ოფიციალურ მიმართვაში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფაისალ ბინ ფარან ალ საუდი ასევე ულოცავს ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივი ურთიერთობების განხილვისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების თვალსაზრისით მზადყოფნას გამოთქვამს.

საქართველოს პირველ დიპლომატს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მუხტარ ტლეუბერდიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყაზახეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ, მომავალშიც განაგრძობენ განვითარებას ჩვენი ხალხების სასიკეთოდ. გამოვხატავ იმედს, რომ ჩვენი ერთობლივი შრომა ხელს შეუწყობს ყაზახეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას“, – წერს მუხტარ ტლეუბერდი.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჟიდინ მუჰრიდინი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულია ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ძალისხმევით, კიდევ უფრო გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობა“, – წერს მისალოც წერილში სიროჟიდინ მუჰრიდინი.

ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართველი კოლეგისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარების იმედს გამოთქვამს.