იუნესკო-მ ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გაერო-ს კუტურული სააგენტოს ცნობით, ახალი შენობები, მათ შორის სტადიონი ამახინჯებს ქალაქის ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების იერსახეს და მას მსოფლიო ღირებულების მნიშვნელობას უკარგავს.
ლივერპული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2004 წელს დასახელდა და შეუერთდა ისეთ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა ჩინეთის დიდი კედელი, თაჯ-მაჰალი და პიზას დახრილი კოშკი.
ჩინეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, იუნესკო-მ საკუთარ სოციალურ გვერდზე განაცხადა, რომ ლივერპული საერთაშრისო კულტურული ორგანიზაციის სიიდან უნდა ამოიშალოს. ლივერპულის მერის ჯოან ანდერსონის თქმით, ორგანიზაციის გადაწყვეტილება გაუგებარია და ხელისუფლებასთან ერთად გასაჩივრების შესაძლებლობაზე იმუშავებს.
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხე ლივერპულს 2012 წლიდან ემუქრებოდა, როდესაც იუნესკო-მ ქალაქის ხელმძღვანელობა ახალი მშენებლობების შესახებ გააფრთხილა, რომლებიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და მის სანაპიროს მსოფლიო მემკვიდრეობის ღირებულებას უკარგავდა. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ორგანიზაციამ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ომანის ველური ბუნების სავანე ამოიღო ბრაკონიერობისა და გარემოს შეცვლის გამო, ხოლო 2009 წელს დრეზდენის ელბის ხეობა გერმანიაში, როდესაც მდინარეზე ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდი აშენდა.