იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს
პოლიტიკური პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს. შესაბამისი მიმართვა ტიმოშნეკომ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„მმართველობის მეოთხე წელს თქვენ ხდებით ერთდროულად პრეზიდენტი, პროკურორი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ყველა ტელეარხის პროდიუსერი. ახლა გისოსებს მიღმა აგდებთ თქვენს ოპონენტებს, რასაც იანუკოვიჩი აკეთებდა. გაიხსენეთ ყველაფერი როგორ დასრულდა“, – წერს იულია ტიმოშენკო.
მისი თქმით, სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ბრძანებით დააკავეს. ტიმოშენკო მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სააკაშვილი და არ შეარცხვინოს უკრაინა საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.
მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.