იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს
იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან კიევში თავისი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იულია ტიმოშენკოს თქმით, უკრაინას სასწრაფო რეფორმები სჭირდება.

„ჩემი მიზანია დიადი უკრაინა, სწორედ ამიტომ, დღეს პრეზიდენტად ვიყრი კენჭს“, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

კიევში „ბატკივშინას“ ყრილობაზე იულია ტიმოშენკოსა და მის მომხრეებს ვიდეოჩართვით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა სიტყვით მან იულია ტიმოშენკოს მხარდაჭერა გამოუცხადა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მიმართ მისი მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

იულია ტიმოშენკო მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ამომრჩევლებს ეკონომიკურ რეფორმებს დაპირდა.

მისი თქმით, ყირიმისა და დონბასის პრობლემების მოგვარებას მშვიდობიანი გზით აპირებს.

ამასთან, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თუ მისი პრეზიდენტობა წარუმატებელი იქნება, თანამდებობას 100 დღის შემდეგ დატოვებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – თუ 100 დღეში ვერ გაჩვენებთ აშკარა შედეგებს, წავალ პრეზიდენტის თანამდებობიდან. სწორედ ასეთია ჩემი გარანტიები“, – განაცხადა ტიმოშენკომ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 3 თებერვლამდე გრძელდება. ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია პრეზიდენტობის 13 კანდიდატი.