იულია ტიმოშენკო - ბევრჯერ შევცდით, ავირჩიეთ კლანური სისტემის ლიდერები და მარიონეტები, ახლა შეცდომების დრო არ არის
პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი გუნდი მზად არის, უმაღლეს რადაში მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგეს, თუმცა მან თავი აარიდა შეკითხვაზე პასუხს, მზად არის თუ არა, გახდეს უკრაინის მომავალი პრემიერი.
როგორც კიევიდან საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ იულია ტიმოშენკომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
„დღეს არავინ იცის, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი. ეს მხოლოდ თქვენს ხმაზეა დამოკიდებული. ამიტომ აირჩიეთ“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრემიერმა.
იულია ტიმოშენკომ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„დღეს უკრაინის ბედი თითოეული ჩვენგანის ხელშია. მხოლოდ უნდა ავიღოთ პასპორტი, ავდგეთ, მივიდეთ საარჩევნო უბანზე და გავაკეთოთ არა ემოციური არჩევანი, არამედ გავაკეთოთ არჩევანი მთელი გულით, მთელი გონებით, რათა საბოლოოდ შანსი გაგვიჩნდეს“, – განაცხადა ტიმოშენკომ.
მან ასევე განაცხადა, რომ ახლა უკრაინას მორიგი შეცდომის დაშვების დრო არ აქვს.
„ყველა ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ის ბიულეტენები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი აგდებს საარჩევნო ყუთში, ეს არ არის ბიულეტენი პარტიისთვის ან დეპუტატობის კანდიდატისთვის. ეს არის ბიულეტენი ჩვენი ცხოვრებისთვის, შვილების ცხოვრებისთვის. თქვენ კარგად იცით უკრაინის ისტორია. ჩვენ ბევრჯერ შევცდით, ავირჩიეთ კლანური სისტემის ლიდერები და მარიონეტები, ახლა შეცდომების დრო არ არის“, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.
წინასწარი პროგნოზით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. ფავორიტი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურია“, მეორე ადგილზე კი არის ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც ამომრჩეველთა 12 პროცენტი უჭერს მხარს. რადაში ასევე მოხვდებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და როკმუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის „გოლოსი“.
რადას ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგი საღამოს გახდება ცნობილი. ეგზიტპოლების შედეგები 21 ივლისს, საღამოს გამოქვეყნდება.
მეცხრე მოწვევის რადას პირველის სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.
უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტოს არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.