უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, იულია ტიმოშენკომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. „ბატკივშინას“ ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ გაყალბდა.
ოპოზიციონერის თქმით, პოროშენკომ ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად გამოიყენა და ქვეყანა კვლავ საკუთარ ბიზნეს კორპორაციად გადააქცია.
„ეს არჩევნები კვლავ ფარსად იქცა, სწორედ პეტრო პოროშენკოს დამსახურებით. ეს შემიძლია მტკიცედ განვაცხადო. შედეგები არა თუ ფალსიფიცირებული, არამედ დამახინჯებულია. პოროშენკო მეორე ტურში არ უნდა იყოს, მან შემდეგ ტურში უსამართლოდ გაიკვლია გზა“, – განაცხადა ტიმოშენკომ.
მიუხედავად ამისა, იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ დემოკრატიული და სამართლიანი უკრაინისთვის ბრძოლას გააგრძელებს და ამ ბრძოლას მხარდამჭერებთან ერთად ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. ამის ერთ-ერთ გზად ტიმოშენკო საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს, რომლისთვისაც მზადებაც, მისი თქმით, უკვე დაიწყო.
ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას არ გეგმავს, რადგან ეს შედეგს ვერ გამოიღებს. მიზეზად ტიმოშენკო სასამართლო სისტემის პოროშენკოსადმი დაქვემდებარებას ასახელებს. კითხვაზე, აპირებს თუ არა საპროტესტო აქციებს კიევის ქუჩებში, ოპოზიციონერი პასუხობს რომ არა, რადგან მისი თქმით, ეს ქვეყანაში ვითარებას დაძაბავს, რაც რუსეთის ინტერესებში შედის.