იულია სკრიპალი- მე გონზე მოვედი და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ყოველდღიურად თავს უკეთ ვგრძნობ
ლონდონის პოლიციამ სოლსბერიში მოწამლული იულია სკრიპალის პირველი განცხადება გამოაქვეყნა.
იულია დახმარებისთვის მადლობას უხდის საავადმყოფოს პერსონალს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ის და მამამისი, რუსეთს სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
„მე ერთი კვირის წინ გონზე მოვედი და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ყოველდღიურად თავს უკეთ ვგრძნობ. მადლობელი ვარ ჩემდამი ინტერესისთვის და მხარდაჭერის მრავალრიცხოვანი სიტყვისთვის, რომელიც მივიღე“, – ნათქვამია იულია სკრიპალის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსულმა ტელეარხებმა გაავრცელეს სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსული მედიის მტკიცებით, იულია სკრიპალი რუსეთში მყოფ ნათესავს, ვიქტორია სკრიპალს ესაუბრება. აუდიოჩანაწერში, რომელიც რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია „რასია1″-ის ეთერში გავიდა, ხმა, რომელიც სავარაუდოდ, იულია სკრიპალს ეკუთვნის, ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და იმედოვნებს, რომ საავადმყოფოდან მალე გაწერენ. ამასთან, აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ სერგეი სკრიპალის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია.
„ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, გამოუსწორებელი არავის არაფერი სჭირს“, – ამბობს ხმა ჩანაწერში.
მანამდე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა,რომ იულია სკრიპალი გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია, თუმცა მისი მამის მდგომარეობა კრიტიკულია.
რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით, ლონდონისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება 30-მდე ქვეყანამ მიიღო, მათ შორის საქართველომ.