„იუესაიდის“ ხელმძღვანელი - ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები საქართველოში 2024 წლის არჩევნებისკენ, რადგან ეს არის რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გაიგონონ მათი ხმა
საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ მიდის, – ამის შესახებ სენტორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ამერიკელმა სენატორმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში „იუესაიდის“ ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს ჰკითხა, აპირებს თუ არა „იუესაიდი“ საქართველოს 2024 წლის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას.
კერძოდ, შაჰინმა აღნიშნა: „ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს, დასავლეთისკენ, ევროპისკენ გაიხედოს. მათ სურთ დემოკრატია. მე და სენატორი რიში იქ ვიმყოფებოდით 2012 წელს, რათა დავკვირვებოდით არჩევნებს, როდესაც ქვეყანაში „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. [ახლა] რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ. ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს, გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ, გვითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს თუ არა „იუესაიდი“ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?“
შაჰინზე კითხვის საპასუხოდ, სამანტა პაუერმა აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნებისკენ ამერიკული რესურსები უნდა მიიმართოს.
„ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გაიგონონ მათი ხმა. ვფიქრობ, ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, – განაცხადა სამანტა პაუერმა.