იტალიური მედია - სილვიო ბერლუსკონის საქმის ერთ-ერთი მოწმე სავარაუდოდ რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლეს
იტალიური მედიის ინფორმაციით, სილვიო ბერლუსკონის საქმის ერთ-ერთი მოწმე სავარაუდოდ რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლეს. საქმე ეხება მაროკოელ მოდელ და მოცეკვავე იმან ფადალს, რომელმაც რამდენჯერმე მისცა ჩვენება იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.
საუბარია სკანდალურ საქმეზე, რომლის მიხედვითაც, სილვიო ბერლუსკონიმ არასრულწლოვან გოგონას სექსუალური კავშირის დამყარების სანაცვლოდ ფული გადაუხადა.
34 წლის იმან ფადილი მილანის საავადმყოფოში 1-ელ მარტს გარდაიცვალა. სიკვდილამდე ქალმა თავის ძმას უთხრა, რომ ის სავარაუდოდ მოწამლეს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფადილი რადიაქტიური ნივთიერებითაა მოწამლული.
მილანის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ქალის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე „უცნაური გარემოება“ არსებობს.
როგორც „თაიმსი“ წერს, გარდაცვლილ მაროკოელ ქალს სასამართლოში უნდა ეთქვა, რომ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქალებს სოლიდურ თანხებს უხდიდა, რათა მათ ბერლუსკონის ვილაზე გამართულ წვეულებების შესახებ დეტალები არ გაევრცელებინათ.
2013 წელს სილვიო ბერლუსკონი არასრულწლოვანი სექსმუშაკისა და მოცეკვავის მომსახურებით სარგებლობაში დამნაშავედ ცნეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2014 წელს სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ. რუბის საქმეზე გაამართლა და ამის მიზეზად მტკიცებულებების სიმცირე დაასახელა.