იტალიური მაფიის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ გერმანიაში, იტალიასა და ბულგარეთში 11 ადამიანი დააკავა
იტალიური მაფიის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ გერმანიაში, იტალიასა და ბულგარეთში 11 ადამიანი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიება ძვირად ღირებული მანქანებით ვაჭრობისას საგადასახადო თაღლითობას ეხება. ოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს 46 საცხოვრებელ სახლში და კომერციულ დაწესებულებაში.
დაკავებულები იტალიაში ერთ-ერთი გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების – „ნდრანგეტას“ წევრები არიან. მათ ბრალად ედებათ კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და 13 მილიონი ევროს ოდენობის საგადასახადო თაღლითობა.
ოთხი ადამიანი დააკავეს გერმანიაში, ექვსი იტალიაში და ერთი ბულგარეთში. გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია ნივთმტკიცებულებები, მათ შორის რამდენიმე ძვირად ღირებული მანქანა.