იტალიის ვიცე-პრემიერმა სუროგატი დედები ბანკომატს და მიკროტალღურ ღუმელს შეადარა
იტალიის ვიცე-პრემიერმა სუროგატი დედები ბანკომატს და მიკროტალღურ ღუმელს შეადარა. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, მატეო სალვინიმ ეს განაცხადება ოჯახების მსოფლიო კონგრესზე გააკეთა, რომელიც ვერონაში იმართებოდა. კონგრესის ორგანიზატორი სალვინის ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგა“ იყო.
„ვიდრე ცოცხალი ვარ, აუცილებლად შევებრძოლები სუროგაციის ბარბაროსულ და არაადამიანურ პრაქტიკას“, – განაცხადა სალვინიმ.
მატეო სალვინიმ სუროგატი დედები „ბანკომატს და მიკროტალღურ ღუმელს შეადარა, რომელიც კვერცხებს აწარმოებს“. სალვინის განცხადებით, მისი მთავრობა არასდროს ჩაერევა იტალიის მოქალაქის კერძო ცხოვრებაში, მაგრამ ის, როგორც „მამა, იტალიელი, მამაკაცი და მინისტრი, აუცილებლად დაიცავს ბავშვების უფლებებს“.
ოჯახების მსოფლიო კონგრესი ვერონაში საპროტესტო აქციების ფონზე იმართებოდა. დემონსტრანტები ქუჩაში გავიდნენ და ქალების და ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა მოითხოვეს.
ოჯახების 13-ე მსოფლიო კონგრესი ვერონაში დღეს უნდა დასრულდეს.