იტალიის შს მინისტრი - რუსეთისგან არც ერთი რუბლი და არც ერთი ლიტრი არაყი არ მიმიღია
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, მემარჯვენე-პოპულისტური პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი ევროპარლამენტის არჩევნების წინ რუსეთისგან დაფინანსების მიღების მცდელობას უარყოფს.
როგორც მატეო სალვინიმ განაცხადა, მას რუსეთისგან არც ერთი რუბლი და არც ერთი ლიტრი არაყი არ მიუღია.
„მე არასდროს მიმიღია რუსეთისგან არც ერთი რუბლი, დოლარი, ევრო ან ლიტრი არაყი”, – განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
იტალიელი მაღალჩინოსნის განცხადებით, მის პარტიას არასდროს მიუღია არალეგალური დაფინანსება.
მატეო სალვინი ამ განცხადებით გამოეხმაურა ამერიკული ვებპორტალი „ბაზფიდის“ (Buzzfeed) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მაისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ იტალიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ლიგა“ რუსეთისგან ფარულად დაფინანსების მოპოვებას ცდილობდა.
ვებპორტალმა გამოაქვეყნა აუდოჩანაწერის ტექსტი, რომელიც „ბაზფიდის“ მტკიცებით, 2018 წელს მოსკოვის სასტუმრო „მეტროპოლში“ გამართული შეხვედრისას გაკეთდა. მაშინ სალვინი რუსეთში იტალია-რუსეთის ბიზნესწრეების შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა. ამერიკული ვებგვერდის მტკიცებით, „მეტროპოლში“ შეხვედრას თავად სალვინი არ ესწრებოდა, თუმცა იქ იმყოფებოდა მისი თანაშემწე ჯანლუკა სავოინი.
„ბაზფიდის“ მტკიცებით, შეხვედრაზე განიხილებოდა რუსული კომპანიის მიერ იტალიური კომპანია „ენისთვის“ 3 მილიონი ტონა ნავთობის მიყიდვა შუამავლების საშუალებით. 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების ფარგლებში პარტია „ლიგას“ 65 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.
გამოქვეყნებული სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია, ვინ მონაწილეობდა შეხვედრაში რუსეთის მხრიდან ან შესრულდა თუ არა მოსკოვის სასტუმრო “მეტროპოლში” განხილული გარიგება.