იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ს არ შეუძლია, უარი თქვას ბუქარესტის სამიტის ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, ნატო-ს არ შეუძლია, უარი თქვას „ღია კარის“ პრინციპზე და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კიევთან და თბილისთან აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, იტალიის მთავრობა მუშაობს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდებაზე, რადგან მას ჰუმანიტარული, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია.
მისი თქმით, ნატო ვერ დაუკეტავს კარს უკრაინას და საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსკოვისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.
„ნატო-ს, რა თქმა უნდა არ შეუძლია, უარი თქვას „ღია კარის“ პრინციპზე და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კიევთან და თბილისთან აღბულ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს“, – განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.
ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შიდა რეფორმების პროცესი, რომლებმაც უკრაინა ნატო-ს სტანდარტებთან უნდა მიაახლოვოს ჯერ დასრულებული არ არის.