იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ პრაღაში ნატო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე მისვლისას განაცხადა.
ანტონიო ტაიანის განმარტებით, იტალიას ამას კონსტიტუცია უკრძალავს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იტალია არ იმყოფება რუსეთთან ომში, არამედ უკრაინას თავდაცვაში ეხმარება.
„ნათელია, რომ ჩვენ არ გავაგზავნით არცერთ იტალიელ სამხედროს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლველად, ისევე როგორც ჩვენი იარაღი, არ შეიძლება, იქნეს გამოყენებული უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს იტალიის კონსტიტუციის მე-11 მუხლით არის აკრძალული. ჩვენ არ ვიმყოფებით რუსეთთან ომში. ჩვენ მხოლოდ ჩართულები ვართ უკრაინის ტერიტორიის დამოუკიდებლობის დაცვაში და ამას დიდი სიმტკიცით გავაკეთებთ. უკრაინის წინააღმდეგობა და შემდგომი ჩიხი იქნება ის, რაც ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ აიძულებს, რადგან ჩვენი მიზანია სამართლიანი მშვიდობა, რაც არის მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის დამოუკიდებლობას რუსული გავლენისგან“, – განაცხადა ტაიანიმ.