იტალიის პრეზიდენტი - ვიმედოვნებ, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში თბილისსა და რომს შორის მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება
ვიმედოვნებ, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში თბილისსა და რომს შორის მჭიდრო კავშირი გაღრმავდება, – ამის შესახებ აღნიშნულია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას წერილში, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„მინდა, იტალიელი ხალხისა და პირადად, ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა და გულწრფელად გისურვოთ წარმატებები მაღალი მისიის შესრულებისას.
საქართველოში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც დიდი სიამოვნებით მახსენდება, დავრწმუნდი, რომ საქართველოსა და იტალიას დიდი ხნის მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ხშირ ინსტიტუციურ კონტაქტებსა და მზარდ ნაყოფიერ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ეფუძნება.
ვიმედოვნებ, რომ თქვენი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში, თბილისსა და რომს შორის არსებული მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და შეიძენს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების უფრო ფართო ჭრილში.
ამ სურვილებით, კიდევ ერთხელ გულითადად გისურვებთ კეთილდღეობას თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია სერჯო მატარელას წერილში.