იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ჯორჯია მელონისთან სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სამიტში, რომელიც 13-15 ივნისს სამხრეთ იტალიის ქალაქ ბრინდიზში გაიმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ჯორჯია მელონისთან სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს სამიტში.
„სატელეფონო საუბარისას იტალიისა და თურქეთის ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო კრიზისის განვითარების ძირითადი სცენარები. მელონიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის“, – აღნიშნულია იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელი შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანი და რომის პაპი ფრანცისკე.
მედიის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ სამიტს, შესაძლოა, დაესწროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა.
როგორც მედია წერს, სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე, სადაც, სავარაუდოდ, დაამტკიცდება „დიდი შვიდეულის“ გეგმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ.