იტალიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავტომატურად გაგრძელებას არ ემხრობა
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ავტომატურად არ უნდა გახანგრძლივდეს. როგორც ჯუზეპე კონტემ ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა, იტალია ამ პოზიციას ევროკავშირის ლიდერების შეკრებაზე ცალსახად დააფიქსირებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივება ავტომატურად არ უნდა ხდებოდეს. ჩენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ. სანქციები უნდა იყოს მხოლოდ ინსტრუმენტი. ამასთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის საზოგადოების და ჩვენი ბიზნესის მხარდაჭერას“, – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ხელშეწყობის გამო დააწესა. მას შემდეგ შეზღუდვების ვადის გახანგრძლივება ექვს თვეში ერთხელ ხდება.