იტალიის პრემიერ-მინისტრი 26 ივლისს ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრება. პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ ეს ჯორჯია მელონის პირველი ვიზიტი იქნება ჩინეთში.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ვიზიტის მიზანია ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება. როგორც მოსალოდნელია, ჯორჯია მელონი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან.
მელონის ვიზიტის პარალელურად, პეკინში გაიმართება იტალია-ჩინეთის ბიზნესფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან იტალიური კომპანიები, როგორებიცაა საბურავების მწარმოებელი Pirelli, ენერგოკომპანია ENI, თავდაცვითი კომპანია Leonardo, ღვინის მწარმოებლები, ასევე რამდენიმე იტალიური მოდის ბრენდი, მათ შორის Dolce & Gabbana.
ფორუმის ერთ-ერთი პანელი ავტოწარმოების სექტორს დაეთმობა. როგორც მოსალოდნელია, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს ვაჭრობისა და ინდუსტრიის სფეროში. „როგორც „როიტერი“ წერს, ასევე მოსალოდნელია, რომ მელონი დააყენებს ჩინეთის ჭარბი წარმოებისა და უკრაინაში მიმდინარე ომში ჩინეთის მიერ რუსეთისადმი მხარდაჭერის საკითხებს.
ჯორჯია მელონის ვიზიტი ჩინეთში 31 ივლისამდე გაგრძელდება.
2019 წელს იტალია დიდი „შვიდეულის“ ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელიც ჩინეთის სავაჭრო-ინფრასტრუქტურულ პროექტს, „სარტყელისა და გზის ინიციატივას“ შეუერთდა, თუმცა აშშ-ის მხრიდან კრიტიკის ფონზე პროექტი დატოვა. მელონის მთავრობაში განაცხადეს, რომ ინიციატივაში მონაწილეობის შეთანხმებას იტალიისთვის სარგებელი არ მოუტანია.