იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ნიკოლოზ სამხარაძის ონლაინ მოსმენა გაიმართა
იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ონლაინ მოსმენა გაიმართა.
მოსმენას იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.
ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. მან ისაუბრა დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე და ხელისუფლების საარჩევნო პროგრამაზე.
„მოსმენის ფარგლებში მიმოვიხილე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების კითხვები ძირითადად ეხებოდა ევროინტეგრაციის პროცესს, წინასაარჩევნო გარემოს, დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში და პოსტსაარჩევნო მოლოდინებს.
იტალიელი კოლეგები დაინტერესდნენ შუა დერეფნის პროექტის განვითარების და ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხებით, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პროცესებით და ამ პროცესში საქართველოს როლით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.