იტალიის მთავრობამ გარემოსდაცვითი სამუშაოებისთვის საქართველოს ორი მილიონი ევრო გამოუყო
იტალიის მთავრობამ გარემოსდაცვითი სამუშაოებისთვის საქართველოს ორი მილიონი ევრო გამოუყო

ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურების შეძენისა და თბილისის ბუნებრივი საფრთხეების რისკების დეტალური შესწავლისთვის იტალიის მთავრობამ ორი მილიონი ევრო გამოყო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ იტალიელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქართული მხრისთვის გარემოს დაცვის სფეროში ფინანსური დახმარება.

ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურების შეძენა და ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის დანერგვა იტალიის გამოცდილების გაზიარებით, ასევე თბილისის ტერიტორიის ფარგლებში მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევების განხორციელება.

„აღსანიშნავია, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება კვლავ რჩება სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად. მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში იგეგმება ხუთი ახალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ჰაერის მონიტორინგის სადგურის შეძენა და ინსტალირება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, ხოლო მოდელირების საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა არეალში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შეფასება. ასევე მოხდება საველე კვლევების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება და საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შეფასება“, – აცხადებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

იტალიელი ექსპერტების ვიზიტი 12 აპრილამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი ექსპერტებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ერთობლივი საველე გასვლები, ატმოსფერული ჰაერის მინიტორინგის ავტომატური სადგურების დათვალიერება და სამუშაო პროცესის ადგილზე გაცნობა, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების კუთხით უკიდურესად დაძაბული, მდ. ვერეს და ლეღვთახევის ხეობების შეფასება.

იტალიელ ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.