იტალიის ელჩი - საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშავა კორონავირუსთან მიმართებით სიტუაციის გასაკონტროლებლად, მე უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს საქართველოში
საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშავა კორონავირუსთან მიმართებით სიტუაციის გასაკონტროლებლად.
რაც შეეხება იტალიაში არსებულ ვითარებას, ელჩის თქმით, აპრილში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, იტალიაში სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.
„ჩვენ განვაახლეთ სოციალ-ეკონომიკური აქტივობა. ახლა ვირუსი კონტროლს ექვემდებარება. ცხადია, ხანდახან რაღაც ხდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და სიტუაციის კონტროლი შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა მცირეა. ასე რომ, არსებობს სივრცე, რათა მოვიქცეთ ნორმალურად. საქართველოში სიტუაციას დადებითად ვაფასებ. საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშავა სიტუაციის გასაკონტროლებლად. მე პირადად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს საქართველოში“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა.
მისი თქმით, „კოვიდ-19“-ისგან გამოწვეული პრობლემები ყველგან ერთნაირია.
„იმ ზომებმა, რომლებიც მივიღეთ და რაც ეფექტიანი გამოდგა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის დროს, ზეგავლენა მოახდინა ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, აღდგენას დრო სჭირდება და ყოველთვის უნდა შეინარჩუნო ბალანსი იმ რისკებს შორის, რომლებიც გარკევული საქმიანობების განახლებას მოსდევს და იმ საფასურს შორის, რომლის გადახდაც ამ სფეროების ხანგრძლივად დახურვა იწვევს. არჩევანის გაკეთება თითოეულ სახელმწიფოს თავად უწევს. ჩემი აზრით, იტალიაში მიზანშეწონილ ბალანსს მივაღწიეთ. ჩემი აზრით, ეს შეძლო საქართველომაც“, – განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა.
იტალიის ელჩი ორ ქვეყანას შორის საზღვრების გახსნას და მოქალაქეთა მიმოსვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც გამოეხმაურა.
„როგორც იცით, იტალიამ გაუხსნა საზღვარი საქართველოს, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში ჩავლენ, 14 დღის კარანტინში გატარება უწევთ. იგივე ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც იტალიის მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა. ვფიქრობ, ჯერ ყველაფერი შესანიშნავად არ არის და ეს ჯანდაცვის სიტუაციას უკავშირდება, თუმცა ნორმალიზაციის გზას ვადგავართ“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ.