იტალიაში ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Ryanair-ის ხელბარგის გადატანის წესებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
ავიაკომპანიამ ჯერ კიდევ ნოემბერში შემოიღო ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ერთი მცირე ზომის ხელჩანთის ატანა შეუძლიათ, რომელიც მათი სავარძლის ქვეშ დაეტევა.
იმ მგზავრებს კი, ვისაც თან ორი და დიდი ზომის ჩანთის ატანა სურთ, დამატებით 8 ევროს გადახდა უწევთ.
იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა დაადგინა, რომ ბარგი მგზავრობისთვის აუცილებელი ატრიბუტია, რომლის გადაზიდვის ფასი ბილეთის ღირებულებაში უნდა შედიოდეს.
იტალიის მომხმარებელთა ასოციაციამ Ryanair-ის მიერ შემუშავებულ წესებს უსამართლო უწოდა და სარჩელით ანტიმონოპოლიურ სამსახურს მიმართა. ასოციაციაში აცხადებენ, რომ მგზავრები ბარგის ბორტზე ატანაში დამატებით თანხას არ უნდა იხდიდნენ.
აგვისტოში ავიაკომპანიაში განმარტეს, რომ ხელბარგის გადატანის ახალი წესები ფინანსურ მოგებაზე არ არის გამიზნული, არამედ მგზავრთა რეგისტრაციის გამარტივებას ემსახურება.
თუმცა, ფინანსური კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ხელბარგის გადატანის ახალი წესებისა და სხვა დამატებითი მომსახურების დანერგვის შედეგად, 12 თვეში, Ryanair-მა 1.7 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო.