იტალიაში ფერმერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
იტალიაში ფერმერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

იტალიაში ფერმერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. „როიტერის“ ცნობით, დემონსტრანტები ტრაქტორებით რომის ღირსშესანიშნაობებთან მივიდნენ.

იტალიელი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას ითხოვენ, რადგან ამ ქვეყნებს არ უწევთ ევროპული რეგულაციებისა თუ სტანდარტების დაცვა, შესაბამისად, პროდუქტს ევროპაში იაფად ყიდიან. ამასთან, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ითხოვენ საწვავის ღირებულების შემცირებას და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შერბილებას.

იტალიელი ფერმერები ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ფერმერების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და პირობა დადო, რომ ხელახლა შემოიღებს საშემოსავლო გადასახადზე შეღავათს, რომელიც გაუქმდა 2024 წლის ბიუჯეტში, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც გამოიმუშავებს 10 000 ევრომდე.

„მთავრობა იცავდა ფერმერებს და თავიდანვე აპროტესტებდა ევროკომისიის მიერ დაწესებულ არასწორ არჩევანს“, – განუცხადა მელონიმ ფერმერებს.