იტალიაში ევროპის მიგრანტთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკი დახურეს
იტალიაში ევროპის მიგრანტთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკი დახურეს

იტალიაში ევროპის მიგრანტთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკი დახურეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. კუნძულ სიცილიაზე განთავსებული ბანაკის დახურვას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი პირადად დაესწრო.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, ბანაკი ძალადობის, პროსტიტუციის და ნარკოტიკების ბუდე იყო. ამასთან, მატეო სალვინიმ აღნიშნა, რომ მინეოს ცენტრის დათვალიერების დროს ის ორგანიზებულ მიგრაციას წააწყდა, რომლის შედეგადაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ იტალიელებს სხვა ხალხები შეცვლიდნენ.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ბანაკში მყოფ მიგრანტებს ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვა ცენტრებში გადაანაწილებენ.

ბანაკში, სადაც წარსულში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა იყო განლაგებული ოთხი ათასამდე მიგრანტი იმყოფებოდა. მინეოს ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება იტალიის ხელისუფლებამ ერთი თვის წინ მიიღო.

იტალია ხმელთაშუა ზღვით ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების მთავარი სამიზნეა. ამის გამო, ყოველწლიურად იტალიის სანაპიროებს ათობით ათასი მიგრანტი ადგება. მიგრანტთა დიდი ნაკადის შესაჩერებლად იტალიის ხელისუფლება ჰუმანიტარული გემების მიერ გადარჩენილი მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებს.

ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას ევროკომისია გამოეხმაურა. მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადარჩენილი მიგრანტების გადანაწილების დროებით წესებზე უნდა შეთანხმდნენ.

„მიგრაციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები იტალიის და მალტის საქმე არ უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სანაპირო აქვთ ხმელთაშუა ზღვაზე“,- განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.