იტალიამ ნამიბია დაამარცხა და ახალ ზელანდიას გადაასწრო
იტალიამ ნამიბია დაამარცხა და ახალ ზელანდიას გადაასწრო

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს იტალიისა და ნამიბიის გუნდები დაუპირისპირდნენ. უპირობო ფავორიტად ამ წყვილში იტალიელები ითვლებოდნენ, თუმცა ანგარიში აფრიკელებმა გახსნეს, როდესაც მეექვსე წუთზე სტივენსმა მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანზე დაამიწა ბურთი.

მოულოდნელმა დასაწყისმა ევროპელები არ დააბნია, პირველივე ტაიმში მათ მეტოქეს სამი ლელო დაუდეს და შესვენებაზე ანგარიშით 21:7 გავიდნენ.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე, ნამიბიელებმა ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს, თუმცა ამ მომენტისთვის იტალიელებს კიდევ ორი ლელო ჰქონდათ დადებული და ბონუს ქულაც მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სატურნირო ცხრილში ისინი ახალ ზელანდიას ერთი ქულით უსწრებენ.

58-ე წუთზე აფრიკელებმა თავიანთი მეორე ლელო დადეს ამ მატჩში და ანგარიში 35:15 გახდა, თუმცა 72-ე და 76-ე წუთებზე იტალიელებმაც შეიტანეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს – 47:15.

მატჩის ბოლოს, 79-ე წუთზე, ნამიბიელებმა ერთხელაც გაიბრძოლეს, მესამე ლელო დაუდეს იტალიას და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 47:22.