„ისუზუს“ მარკის რვამეტრიანი ავტობუსები დღეიდან დამატებით ოთხ მარშრუტზე იმოძრავებს
„ისუზუს“ მარკის რვამეტრიანი ავტობუსები დღეიდან თბილისში მგზავრებს დამატებით ოთხ მარშრუტზე მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, N17 ავტობუსი – გადასასვლელი ხიდი-მუხიანის მეოთხე მიკრორაიონის მიმართულებაზე იმოძრავებს; N27 – სადგურის მოედანი-ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“; N62 – სადგურის მოედანი-ზღვის უბნის დასახლება; N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“-გლდანულა;
27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ ოთხ სამარშრუტო ხაზზე გავლენ: N40 – ვარკეთილის მეურნეობა-ისანი; N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“-სოფელი გლდანი; N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“; N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონი.
40 ახალი ავტობუსი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული „ისუზუსა“ (ISUZU) და 90 ერთეული „მანის“ (MAN) მარკის ავტობუსები შეისყიდა.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები სრულად შეიცვლება.