ისტორიული სამიტის მოლოდინში - რაზე იმსჯელებენ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი?!
12 ივნისს სინგაპურში აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა გაიმართება. კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი უკვე იმყოფებიან სინგაპურში. ამ დროისთვის შედგა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციების შეხვედრა, სადაც სამიტის დღის წესრიგზე იმსჯელეს. რა თემებზე შეიძლება შედგეს მსჯელობა და გაფორმდება თუ არა რაიმე სახის დოკუმენტი, ჯერ უცნობია. თუმცა, საერთაშორისო მედია ვარაუდობს, რომ კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი შემდეგ თემებს გვერდს ვერ აუვლიან.
ბირთვული განიარაღება
ვაშინგტონი კორეის ნახევარკუნძულის სრულ ბირთვულ განიარაღებას ითხოვს. ერთი შეხედვით, ფხენიანი უარზე არ არის, თუმცა, კონკრეტულად რაზეა თანახმა კიმ ჩენ ინი, ჯერ უცნობი რჩება. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ფხენიანი 50 კილოგრამ პლუტონიუმს ფლობს, რაც დაახლოებით 10 ბომბისთვის არის საკმარისი. ასევე, ფხენიანს შეუძლია ურანის იარაღის დამზადებაც. ექსპერტები შიშობენ, რომ კიმ ჩენ ინი ატომურ არსენალზე უარს სრულად არ იტყვის. ფხენიანის ბირთვული პროგრამა უკვე მრავალი წელია საიდუმლოდ რჩება, ამიტომ სპეციალისტებს გაუჭირდებათ იმის გადამოწმება, გაანადგურა თუ არა ჩრდილოეთ კორეამ სრულად ატომური იარაღი.
პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სწრაფი ბირთვული განიარაღება ფხენიანის „დანებების“ ტოლფასი იქნება, ამიტომ ეს წარმოუდგენელია.
კორეის ომის დასრულება?!
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, ორ კორეას შორის ომის დასრულებაა. შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერა რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. თუმცა, ასეთი ფართო დოკუმენტის გასაფორმებლად აუცილებელი იქნება, როგორც სეულის, ისე პეკინის ჩართულობაც, რომელიც კორეის ომის დროს ფხენიანის მხარეს იკავებდა.
ურთიერთობების ნორმალიზაცია
შეხვედრის პრაქტიკული შედეგი, შესაძლოა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესება და ფხენიანში საელჩოს გახსნაც კი იყოს. ტრამპმა ისიც კი არ გამორიცხა, რომ კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში ან ფლორიდის რეზიდენციაში დაპატიჟონ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფხენიანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოხსნაზე. თუმცა, ამის წინაპირობად აშშ-ს ბირთვულ განიარაღებას აყენებს. ჩრდილოეთ კორეა კი, შეზღუდვების „ეტაპობრივ“ შემსუბუქებას ითხოვს.
ადამიანის უფლებები
განიხილავენ თუ არა სამიტზე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხს, ჯერ გაურკვეველია. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ჩრდილოეთ კორეაში 120 000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია. გარდა ამისა, იაპონია ითხოვს, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე, 1970-80-იან წლებში ჩრდილოეთ კორეაში გატაცებული იაპონელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხიც დადგეს.
უსაფრთხოება
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მთავარი მოთხოვნა მმართველი რეჟიმის უსაფრთხოებაა. ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა. მისი თქმით, კიმ ჩენ ინი არ არის დარწმუნებული, რომ ბირთვული განიარაღების შემთხვევაში ვაშინგტონი მისი მთავრობის უსაფრთხოების გარანტიებს გასცემს.
აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგა, როდესაც ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ბირთვული განიარაღების „ლიბიის მოდელზე“ დაიწყო საუბარი. შეგახსენებთ, რომ ლიბიის ლიდერმა უარი თქვა ბირთვულ პროგრამაზე, რის შემდეგაც დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედმა მეამბოხეებმა მოკლეს.
ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეის მმართველი რეჟიმის შეცვლა არ მოხდება. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეიმ კი არ გამორიცხა, რომ კიმ ჩენ ინის რეჟიმის უსაფრთხოების გარანტორი ვაშინგტონი იყოს.
თუმცა, როგორც პოლიტოლოგების ნაწილი აღნიშნავს, წარსულის გათვალისწინებით, კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის ნდობა საკმაოდ რთულია.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა ხვალ, 12 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
ამასთან, მედიისთვის, წინასწარ გახდა ცნობილი, რომ კიმ ჩენ ინმა ტრამპს მეორე სამიტის გამართვა ივლისში, ფხენიანში შესთავაზა.