ისრაელში უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტის გამო აქციის მონაწილეებმა ძირითადი მაგისტრალები გადაკეტეს, პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა
ისრაელში უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტის გამო აქციის მონაწილეებმა ძირითადი მაგისტრალები გადაკეტეს, პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

ისრაელში უზენაეს სასამართლოსთან დაკავშრებული კანონპროექტის გამო მომიტინგეებმა უზენაეს სასამართლოსთან მდებარე ძირითადი მაგისტრალები გადაკეტეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ცვლილებები ზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას.

ისრაელის პოლიციის ცნობით, აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. როგორც მედია წერს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი მომიტინგეთა დასაშლელად.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები დაიგეგმა მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ისრაელის ბენ გურიონის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში.

არსებული ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები ზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას, გააუქმოს მთავრობის, მინისტრებისა და არჩეული თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათი არაგონივრულად მიჩნევის შემთხვევაში.

მედიის ცნობით, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სასამართლო ზედამხედველობა ხელს უწყობს კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას. კანონპროექტის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს ეფექტურ მმართველობას სასამართლოს ჩარევის შეზღუდვით და ამტკიცებენ, რომ მოსამართლეებს აქვთ სხვა სამართლებრივი საშუალებები ზედამხედველობის განსახორციელებლად.