ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამართული მორიგი აქცია შეტაკებით დასრულდა
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამართული მორიგი აქცია შეტაკებით დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თელ ავივში დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის ბარიკადების გარღვევა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. დააკავეს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი.
სხვადასხვა ცნობებით, აქციაში 160 000 ადამიანი მონაწილეობდა.
მიტინგი გაიმართა იერუსალიმშიც, სადაც აქტივისტები ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, ისრაელი კონსტიტუციური და სოციალური კოლაფსის ზღვარზე დგას.
მოქალაქეები აპროტესტებენ რეფორმას, რომლის გატარების შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლო მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედების შეჩერებას ვეღარ შეძლებს. ამავე ცვლილებებით, მოსამართლეების დანიშვნაში კანონმდებლებს გადამწყვეტი ხმა ექნებათ.
ოპოზიცია ისრაელის პრემიერ მინისტრისა და მისი კოალიციური მთავრობის ინიციატივას ქვეყნისთვის დამღუპველს უწოდებს.