ისრაელში საქართველოს ელჩი - ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საელჩოსგან ნებისმიერ დროს მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ისრაელში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ცხელი ხაზის მეშვეობით საელჩოსგან მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
„საელჩო ქვეყანაში არსებული ვითარების მიხედვით მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ახლა არის გამოცხადებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღეს ისრაელში, მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც გაცემულია ისრაელის ხელისუფლების მიერ და დაიცვას ამ რეკომენდაციების მიხედვით უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა“, – განაცხადა ზაზა კანდელაკმა.
ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ.