ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატებს ვერ აგროვებს
ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატებს ვერ აგროვებს

ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატებს ვერ აგროვებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პროგნოზების თანახმად, ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და მისი მოკავშირეები 120-ადგილიან ქნესეთში 52-53 ადგილს იკავებენ. ოპოზიციური პარტიები კი, 60 ადგილს.

ეს ნიშნავს, რომ ნაციონალისტური პარტია „იამინას“ მხარდაჭერითაც კი, ნეთანიაჰუ პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. პროგნოზების თანახმად, პარტია „იამინა“, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობს, საკანონმდებლო ორგანოში შვიდ ადგილს დაიკავებს, თუმცა პარტიის ლიდერს ჯერ არ განუცხადებია, თუ ვის დაუჭერს მხარს.

„მე გავაკეთებ მხოლოდ იმას, რაც სასიკეთოა ისრაელის სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ბენეტმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. მისი თქმით, „იამინა“ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდება და მომდევნო ნაბიჯებს მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებს.

ეს ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეოთხე საპარლამენტო არჩევნებია. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის დეკემბერში კოალიციური პარტნიორები ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბენი განცი სახელმწიფო ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. მანამდე მიღწეული კოალიციური შეთანხმებით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბენი განცს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა როტაციის პრინციპით უნდა დაეკავებინა. ბენი განცი მთავრობას სათავეში 2021 წლის შემოდგომას უნდა ჩასდგომოდა.