ირანელი გენერალი ჰოსეინ მოჰბეი – ირანს შეუძლია, თავს დაესხას ევროპაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებს და განახორციელოს საპასუხო სამხედრო ოპერაციები ყოველგვარი გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე
ირანს აქვს შესაძლებლობა, თავს დაესხას ევროპაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებს და განახორციელოს საპასუხო სამხედრო ოპერაციები ყოველგვარი გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ჰოსეინ მოჰებიმ განაცხადა.
მოჰებიმ აღნიშნა, რომ ირანული რაკეტების მოქმედების რადიუსზე 2 000-კილომეტრიანი შეზღუდვა ადრე ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა საიდ ალი ხამენეის ბრძანებით დაწესდა, თუმცა ირანის სარაკეტო შესაძლებლობები 4 500-კილომეტრიანი მოქმედების რადიუსშია.
„ჩვენი სარაკეტო შესაძლებლობები ისეთია, რომ ისლამური რევოლუციის ლიდერი თუ ბრძანებას გასცემს, შეგვიძლია ოპერაციების ჩატარება გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე“, – აღნიშნა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ირანის კაშხლებზე თუ თავდასხმას გადაწყვეტს, ის აუცილებლად მიიღებს შესაბამის საპასუხო დარტყმას.
„თუ ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება განახორციელა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ბაზებიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაშინ ეს ქვეყანა ჩვენი სამიზნე გახდება; ამაში ეჭვი არ გვეპარება“, – განაცხადა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა.