ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება
ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება 6 მილიონ 340 ათას ამომრჩეველს აქვს.

საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მეხუთე ვადით დაკავებას ეცდება. მისი მთავარი მეტოქე ისრაელის გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენი განცია. მისი ცენტრისტული პარტია, რომლის სახელწოდებაც ისრაელის დროშის ფერების შესაბამისად „ლურჯი და თეთრია“, კიდევ ორ გენერალს აერთიანებს.

მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 120-ადგილიან ქნესეთში 61 მანდატის მოპოვებაა საჭირო. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერც ერთი პარტია ვერ ჩამოაყალიბებს. ამიტომ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ულტრანაციონალისტური პარტიის „ზეჰუტის“ მხარდაჭერა.