ისრაელში 2 სექტემბერს მძევლების გასათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა
ისრაელში 2 სექტემბერს მძევლების გასათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა. როგორც ისრაელის პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელმა, არნონ ბარ-დავიდმა განაცხადა, 2 სექტემბერს ისრაელში ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გაიმართება.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიაღწიოს ღაზის სექტორში დაკავებული მძევლების გათავისუფლებას.
„მე მოვუწოდებ ისრაელის ხალხს, გამოვიდეს ქუჩებში და ყველა ორგანიზაცია შეუერთდეს გაფიცვას“, – განაცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.
ბარ-დავიდის თქმით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება „პოლიტიკური შეხედულებების გამო“ ჭიანურდება.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია უმოქმედოდ ყოფნა. მიუღებელია, რომ ისრაელელებს კლავენ ღაზის გვირაბებში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ“, – განაცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.
იმ დაწესებულებებისა და ობიექტების სრული სია, რომლებიც 2 სექტემბერს შეწყვეტენ მუშაობას, მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ისრაელის მედიის ცნობით, გაფიცვას, სავარაუდოდ, შეუერთდებიან ჯანდაცვის დაწესებულებები, აფთიაქები, თავდაცვითი საწარმოები, საკვების მწარმოებელი ქარხნები. ასევე, ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიხურება ბენ-გურიონის აეროპორტი.
„თაიმ ოფ ისრაელის“ ცნობით, ამ წუთებში ისრაელის პარლამენტთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტები ხელისუფლებისაგან მოითხოვენ, დათანხმდეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.
აქციის პარალელურად ქნესეთში მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დღეს ღაზის სექტორში კიდევ ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მძევლების ცხედრები სამხედროებმა 31 აგვისტოს საღამოს იპოვეს ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის რაიონში, სადაც ბოლო დღეებში ბრძოლები მიმდინარეობდა.